სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მამასახლისი და სხვები საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო და რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ორი მოსარჩელეს მიმართ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლი. საქმე ეხება 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომამდე პერიოდს. კერძოდ, ლევან მამასახლისისა და გრიგოლ ნანავას დაკავებებს 2001 და 2003 წლებში, შესაბამისად, ასევე მათ მიმართ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან არა სათანადო მოპყრობას, გასამართლებასა და დაკავებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა უნდა გადაუხადოს მამასახლისსა და ნანავას 35-35 000 ევრო მორალური ზარალის ანაზღაურების სახით.