ზურაბ პატარაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება
სპორტი

ზურაბ პატარაძე
ფოტო: აჭარის მთავრობა
ბათუმში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია. ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ავრცელებს.
ამასთან, ზურაბ პატარაძე წერს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მან შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განიხილეს გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები.
„ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა.
ელჩს ასევე განვუმარტე, რომ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რომელიც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მოედანზე თუ ქალაქში მათი გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა. შესაბამისად, აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი.
ელჩს განვუმარტე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციულ ქმედებებს მიმართეს. აღნიშნული ქმედებები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს კანონმდებლობას, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა. ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად შეასრულა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი.
ამ დროისათვის ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“, - წერს პატარაძე.





