საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრებმა ღია საერთაშორისო ტურნირზე „Diamond Cup 2026“ ცხრა მედალი მოიპოვა
სპორტი

ფოტო: საქართველოს სპორტის სამინისტრო
ბელგიის ქალაქმა ანტვერპენმა ღია საერთაშორისო ტურნირს „Diamond Cup 2026“ უმასპინძლა. ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა ცხრა მედლით, აქედან სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოთი დაასრულა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, კარატისტები მარიამ წიკლაური (-54 კგ), დავით ძნელაძე (-60 კგ) და ოთარ შაინიძე (-60 კგ) ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.
ვერცხლის მედალს დათა ფუტკარაძე (-80 კგ) დასჯერდა; ხოლო ბრინჯაოს მედლები ლუკა მგელაძემ (-60 კგ), ანამარია მსხალაძემ (-65 კგ), მალხაზ ქაჯაიამ (-80 კგ), ნიკა ნაგერვაძემ (-90 კგ) და დავით მსხალაძემ (+90 კგ) მოიპოვეს.
ღია საერთაშორისო ტურნირზე „Diamond Cup 2026“ 25 ქვეყნის 300-ამდე სპორტსმენი ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრები ბელგიის საერთაშორისო ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა, დელეგაციას მინისტრის მოადგილე, საქართველოს წარმომადგენელი ევროპის კარატეს ორგანიზაციაში ირაკლი დოლაბერიძე ხელმძღვანელობდა.




