საფეხბურთო კლუბი „დანდი“ გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს - ნემსაძე მოედანზე გამორჩეული ტექნიკითა და ბურთის ფლობის ოსტატობით გამოირჩეოდა
სპორტი

ფოტო: „დანდი“
შოტლანდიური საფეხბურთო კლუბი „დანდი“ ყოფილი ფეხბურთელისა და კლუბის დიდების დარბაზის წევრის, გიორგი ნემსაძის, 54 წლის ასაკში გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და წერილს აქვეყნებს, რომელშიც მისი კარიერა არის მიმოხილული.
„ნემსაძე „დანდის“ მთავარმა მწვრთნელმა ივანო ბონეტიმ 2000 წელს დაიმატა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს იმ დროისთვის ეროვნულ გუნდში 52 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და ევროპულ ფეხბურთში ასპარეზობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. „რეით როვერსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობის შემდეგ მან მალევე გამოავლინა თავისი შესაძლებლობები და „გრიმსბი თაუნთან“ შესანიშნავი ინდივიდუალური გოლი გაიტანა.
ნემსაძე მოედანზე გამორჩეული ტექნიკითა და ბურთის ფლობის ოსტატობით გამოირჩეოდა. ნოემბერში კი „ტანადისზე“, „დანდის“ პრინციპულ მეტოქე „დანდი იუნაიტედთან“ დერბიში, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გოლი გაიტანა“, - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.
მომდევნო სეზონში ნემსაძემ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ თამაშობდა. მიუხედავად ამისა, ტეისაიდის რეგიონში მან ისეთი საფეხბურთო სახლი იპოვა, რომელიც მისი კარიერის სხვა ეტაპებზე არ ჰქონია, წერს კლუბი.
აღსანიშნავია, რომ „დანდიში“ გადასვლამდე ნემსაძე გერმანულ „ჰომბურგში“, თურქულ „ტრაბზონსფორში“, შვეიცარიულ „გრასჰოპერსსა“ და იტალიურ „რეჯინაში“ თამაშობდა. „აღმოჩენების ქალაქში“ გადასვლამდე 12 თვის განმავლობაში მან ხუთი კლუბი გამოიცვალა, თუმცა „დანდიმ“ მას სტაბილურობა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშუალება მისცა.
ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ ნემსაძეს უკვე ჯიმ დაფის ხელმძღვანელობით მოთამაშე გუნდი დახვდა, რომელიც შოტლანდიის თასის გათამაშებაში ისტორიული გზის გავლას აპირებდა. ეს გზა საბოლოოდ „ჰემპდენ პარკის“ ფინალამდე და ევროპულ ტურნირზე დაბრუნებამდე მივიდა.
„ნემსაძემ ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ფინალამდე გამართულ ხუთივე შეხვედრაში ითამაშა. მესამე წრეში „პარტიკ თისლთან“ გასვლით მატჩში მან შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა, ნახევარფინალში კი „ინვერნეს კალედონიან თისლის“ წინააღმდეგ, შეხვედრის დასრულებამდე 12 წუთით ადრე, საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა. „დანდიმ“ 1:0 მოიგო და 1964 წლის შემდეგ პირველად გავიდა შოტლანდიის თასის ფინალში“, - იხსენებს ნემსაძის მშობილური კლუბი.
ფინალში გუნდს შოტლანდიის მოქმედი ჩემპიონი „რეინჯერსი“ ელოდა. ნემსაძის გოლმა კი „დანდის“ ევროპულ ტურნირზე დაბრუნება უზრუნველყო - კლუბი ევროპულ ასპარეზზე 29 წლის განმავლობაში პირველად უნდა გასულიყო.
2010 წლის აპრილში კლუბისადმი მისი ერთგულება განსაკუთრებულად დაფასდა — ნემსაძე „დანდის“ დიდების დარბაზში შეიყვანეს და საერთაშორისო ჯილდო გადასცეს. ფეხბურთელი იმ ქალაქში დაბრუნდა, რომელსაც ერთ დროს „მეორე სახლს“ უწოდებდა.
გულშემატკივრებს ქართველი ფეხბურთელის მუქ ლურჯ მაისურში ხილვის უკანასკნელი შესაძლებლობა 2015 წელს მიეცათ, როდესაც ნემსაძე ჯულიან სპერონის გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობდა.
„დანდის“ მთელი გუნდი თანაგრძნობას უცხადებს გიორგი ნემსაძის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ამ უმძიმეს დროს.





