სულხან თამაზაშვილი: მატჩის მასპინძელი იყო თურქული მხარე. შესაბამისად, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ზარალის ანაზღაურებას „უეფა“ დააკისრებს თურქეთს
საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი
ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში, საფეხბურთო მატჩის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ზარალის ანაზღაურება თურქეთს დაეკისრება.
„მატჩის მასპინძელი იყო თურქული მხარე, თამაში ორგანიზებული იყო „ბეშიქთაშის“ მიერ. შესაბამისად, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ზარალის ანაზღაურებას „უეფა“ დააკისრებს [თურქეთს]“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.
შსს-მ ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენის“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით. ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.
გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 16 ადამიანი დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი.
როგორც შს მინისტრმა განაცხადა, საქმეზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და „აუცილებლად ყველა წარმოებას მოჰყვება შედეგი, მათ შორის შესაძლებელია აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა გარკვეული დროით“.





