კრწანისის რაიონის გამგებელი ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის ახლით ჩანაცვლებაზე: არსებობს ჩანაცვლების პროგრამა. რა თქმა უნდა, მობინადრეებისგან 100%-იანი მხარდაჭერა სჭირდება, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ
საზოგადოება

ლაშა ცაგურია
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
კრწანისის რაიონის გამგებლის, ლაშა ცაგურიას განცხადებით, ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის ახლით ჩასანაცვლებლად, მობინადრეების თანხმობაა საჭირო.
მან ასევე ისაუბრა ადგილზე ამჟამად არსებულ ვითარებაზე.
„დავასრულეთ უსაფრთხოების ღობის მოწყობა. იცით, რომ 28 ოჯახი გადაყვანილი გვყავს სასტუმროში. ჩვენთან ერთად იმყოფება სამაშველო სამსახური და მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე, აუცილებლად შევლენ და გამოიტანენ თავიანთ ნივთებს.
არსებობს ჩანაცვლების პროგრამა. რა თქმა უნდა, ამ ჩანაცვლების პროგრამას თვითონ [მათგან] 100%-იანი მხარდაჭერა სჭირდება, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ“, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.





