ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრები: ძალიან მალე, გასაოცრად მალე მოვიდნენ მაშველები. მაშინვე, არც დაფიქრებულან, ისე შეცვივდნენ, რომ ეშველათ
საზოგადოება

ეთერ ტუღუში
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ძალიან მალე, გასაოცრად მალე მოვიდნენ [მაშველები], - იხსენებს „ქრონიკასთან“ ფონიჭალაში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრები ეთერ ტუღუში.
ის ამბობს, რომ მაშველებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შესაძლებელი იყო.
„გაიხსნა შუაზე და ერთმანეთს დაეცა სართულები, ოთახის სინკარები. იმ ბიჭთან, სადაც აფეთქება იყო, იქ გაიხსნა იატაკი.
ძალიან მალე, გასაოცრად მალე მოვიდნენ [მაშველები], მაშინვე, არც დაფიქრებულან, ისე შეცვივდნენ, რომ ეშველათ. მეზობლის ბავშვებიც შევიდნენ, ჩემი შვილიც იყო შესული და მერე მაშველებმა გამოიყვანეს, რადგან არ შეიძლებოდა შესვლა. თუკი რამე შეიძლებოდა, გააკეთეს”, - განაცხადა ეთერ ტუღუშმა.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.





