დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: სახელმწიფოსთან დღევანდელი ჩვენი რეალობა არის თანამშრომლობა, ჩვენ გვაქვს კონკორდატი და ამ კონკორდატის საფუძველზე გვაქვს თანამშრომლობა, რომელიც აუცილებელია
საზოგადოება

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა
ფოტო: IMEDI/ ვიდეოკადრი
სახელმწიფოსთან დღევანდელი ჩვენი რეალობა არის თანამშრომლობა, ჩვენ გვაქვს კონკორდატი და ამ კონკორდატის საფუძველზე გვაქვს თანამშრომლობა, რომელიც აუცილებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.
მისივე თქმით, უამრავი ეკლესია-მონასტერი აქვს გადაცემული სახელმწიფოსგან ფლობის უფლებაში საპატრიარქოს, მაგრამ საპატრიარქო ვერ გაუწევს სათანადო დაცვას, თუ სახელმწიფო დახმარება არ იქნება.
„საპატრიარქოს აქვს უამრავი სკოლა განათლების სისტემაში, რომელთაც სწორედ სახელმწიფო აფინანსებს. ასევე ის პრობლემა, რომელიც დღეს წამოიჭრა ლუდომანიასთან [დაკავშირებით], კაზინოების პრობლემა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უწმინდეს შიო მუშაობდა ამ საკითხზე და ძალიან დიდ შედეგებს მივაღწიეთ.
ჩვენ მოვუწოდებთ და ძალიან გვინდა, რომ დამზადდეს ვიდეორგოლები ჯანსაღი ცხოვრების წესის [პროპაგანდისთვის], ასევე გვინდა, რომ უფრო მეტი ნარკოცენტრი არსებობდეს, ხელმისაწვდომობა იყოს ადვილი, რადგან ძალიან ძვირი ღირს და იქ ადამიანს ვერ მოათავსებ, თუ საშუალება არ გაქვს. გავიხსენებ გელათის თემას. სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, დაფინანსებით, სპეციალისტების და საპატრიარქოს ჩართულობით გელათი გადავარჩინეთ.
საჯარო განცხადებებს მოჰყვება ხოლმე სპეკულაციები და აზრთა სხვადასხვაობა. ამ ერთ-ერთ გამონათქვამსაც მოჰყვა ის, რომ მეუფე იობი დაუპირისპირდა ახლად არჩეულ პატრიარქ შიოს. ეს ასე არ არის რეალურად, რადგან მეუფე იობმა იცის, რომ ის თემები, რომლებიც მან წამოწია, ამ საკითხებზე ზრუნვა დიდი ხანია დაწყებულია ჩვენს ეკლესიაში“, - განმარტა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.





