პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტში მონაწილეობს
საზოგადოება

ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს. EPC-ის რიგით მე-9 კონფერენციის მონაწილე ლიდერებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიჰოლმარტინი მასპინძლობს.
მთავრობის მეთაური სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო. კონფერენცია ირლანდიის პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას გამოსვლებით გაიხსნა.
სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. EPC-ის რიგით მე-9 სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა
„ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში. გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში. ამ ფორმატს ასევე ვიყენებთ ხოლმე ორმხრივი შეხვედრებისთვის, ლიდერებთან გასაუბრებისთვის. ასეთ რეჟიმში წარიმართება ეს სამიტიც. მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის, საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები.
საქართველოს აქვს საკვანძო როლი დაკავშირებადობის კუთხით, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ ევროპისთვის, სამწუხაროდ, გადაიკეტა გზები აღმოსავლეთის მიმართულებით მას შემდეგ, რაც რუსეთი ეკონომიკური თვალსაზრისით იზოლირებულია ევროპის დანარჩენი სივრციდან და მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი. სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო, რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი EPC-ის სამიტში დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ინფორმაციას საქართელოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.





