გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა
საზოგადოება

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი - „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების პროექტები.
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარმოადგინა.
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის თანახმად, იცვლება კანონის რეგულირების სფერო და ზუსტდება პროფილური წყალმომხმარებლის ცნება. განისაზღვრება არაპროფილური წყალმომხმარებლის ცნება და დგინდება, რომ კანონის მოქმედება არ ვრცელდება არაპროფილური წყალმომხმარებლისთვის წყლის მიწოდებაზე.
პროექტის თანახმად, ზუსტდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ პროფილური წყალმომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის წესი და ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები აღნიშნული მომსახურების რეგულირების სფეროში.
საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის თანახმად, განისაზღვრება, რომ სამელიორაციო სისტემების მეშვეობით წყლის მიწოდების შემთხვევაში, წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი არის მხოლოდ პირველადი წყალმოსარგებლე. ამასთანავე, ზუსტდება სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის მარეგულირებელი ნორმა და განისაზღვრება, რომ იგი ვრცელდება აკვაკულტურაში გამოყენებულ წყალზეც.
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის თანახმად, განისაზღვრება პირველადი წყალმოსარგებლის ცნება და დგინდება პირველადი წყალმოსარგებლის ინფრასტრუქტურის გამოყენებით აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების პირობები.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, რეკომენდაციების გათვალისწინებით, აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.





