რუსთავში მიუსაფარ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ქალაქ რუსთავის მოსახლეობას - ყველამ, ვისაც 30 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის პერიოდში ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდა შავი ფერის ძაღლთან, რომელსაც ყელის არეში თოკი ჰქონდა შებმული, დაუყოვნებლივ მიმართოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს ან სამედიცინო დაწესებულებას
საზოგადოება

ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო
რუსთავში მიუსაფარ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აუცილებელია ძაღლთან კონტაქტში მყოფ პირთა გამოვლენა!
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება რუსთავიდან თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანილი მიუსაფარი ძაღლის შესახებ, რომელიც მოკვდა.
მოქალაქის განმარტებით, მან ძაღლი იპოვა 8 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერში, საიდანაც იმავე დღეს გადაიყვანა ერთ-ერთ კლინიკაში, ხოლო შემდეგ - სხვა კლინიკაში. ამავე დროს, სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკარგული ძაღლის შესახებ.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად, ძაღლის პათოლოგიურ მასალაში დადასტურდა დაავადება ცოფი (გამოცდის ოქმი №10367/1).
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ქალაქ რუსთავის მოსახლეობას - ყველამ, ვისაც 30 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის პერიოდში ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდა შავი ფერის ძაღლთან, რომელსაც ყელის არეში თოკი ჰქონდა შებმული, დაუყოვნებლივ მიმართოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს ან სამედიცინო დაწესებულებას კონსულტაციისა და შემდგომი მოქმედებების განსაზღვრის მიზნით.
სააგენტოს ინფორმაციით, ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, მათ შორის, რუსთავისა და თბილისის ვეტერინარული კლინიკების პერსონალს (კლინიკები:ზოოპლაზა - თბილისი, კოსტავას ქუჩა, ვეტჰაუსი - მიცკევიჩის 70 და რუსთავი - ვეტ სითი), რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებას უკვე მიმართეს. აღნიშნულ კლინიკებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.
გთხოვთ, გამოიჩინოთ გონიერება და დროულად მიმართოთ რაბიოლოგს.
დაიცავით საკუთარი და გარშემომყოფების სიცოცხლე!“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





