საქპატენტის, KIU-სა და WIPO-ს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული 5 უცხოელი სტუდენტის სწავლისა და საქართველოში ცხოვრების ხარჯებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია დააფინანსებს
საზოგადოება

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გადაწყვეტილებით, 5 უცხოელი სტუდენტის საქართველოში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს WIPO სრულად დააფინანსებს. WIPO-ს აკადემიის დირექტორი ჰონგბინგ ჩენი საქპატენტის მოწვევით ამჟამად საქართველოში იმყოფება. მან საქპატენტის თავმჯდომარესთან სოსო გიორგაძესთან ერთად შეხვედრა გამართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც WIPO-ს, KIU-სა და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა უკვე მეორე წელია მოქმედებს.
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა - „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ 2025 წელს დაინერგა. დღეს პროგრამას უკვე 14 კურსდამთავრებული ჰყავს. 2026-2027 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამას 27 სტუდენტი გაივლის, მათგან 19 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 8 - უცხოელი სტუდენტი.
WIPO-ს ინიციატივითა და დაფინანსებით, პროგრამაზე KIU-ის აკადემიურ პერსონალთან ერთად, სწავლებას უძღვებიან პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის არიან: დიოგო კოშტა კუნია, სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევების ცენტრის (CEIPI) პროფესორი; ენრიკო ბონადიო, დიდი ბრიტანეთის City University of London-ის პროფესორი, ასევე, ალესანდრო კოგო, ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი და შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორები - დომინიკ ფორე და გაეტან დე რასენფოსი.
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ WIPO-ს 18 ექსკლუზიურ პროგრამას შორის ერთ-ერთია და რეგიონში უნიკალურ საგანმანათლებლო შეთავაზებას წარმოადგენს. პროგრამა ქმნის საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციებისა და მეწარმეობის სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ახალ შესაძლებლობას.



