ეკატერინე ხუციშვილმა დმანისის ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
საზოგადოება

ფოტო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ მასწავლებლებს თაობების აღზრდისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით მადლობის სიგელები გადასცა.
დმანისში ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი.
პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
ღვაწლმოსილი პედაგოგების დაფასებისა და მათი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობის წარმოჩენის მიზნით, მსგავსი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში იმართება.
ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.




