სომხეთის იუსტიციის მინისტრი: ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის, მიერ დაგროვილი გამოცდილება
სამართალი

სრბუჰი გალიანი
ფოტო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის, მიერ დაგროვილი გამოცდილება, - ამის შესახებ განცხადება სომხეთის იუსტიციის მინისტრმა, სრბუჰი გალიანმა ერევანში მიმდინარე სომხურ-ქართული ფორუმის ფარგლებში გააკეთა. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის იუსტიციის სფეროში პარტნიორობის გაგრძელებაზე. სრბუჰი გალიანის თქმით, სამართლებრივი ფორუმი ძალიან პროდუქტიული პლატფორმაა. სომხეთის იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მათთვის განსაკუთრებით ღირებულია მეზობელი ქვეყნის მიერ დაგროვილი გამოცდილების გაზიარება.
„მეშვიდე წელია, ყოველწლიურად ვხვდებით ჩვენს პარტნიორებს, რათა განვიხილოთ იუსტიციის სფეროში არსებული გამოწვევები და ერთმანეთს გავუზიაროთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვცვლით გამოცდილებასაც არა მხოლოდ უშუალოდ მართლმსაჯულების სფეროში, არამედ ევროკავშირთან პარტნიორობის კონტექსტშიც. როგორც იცით, ამჟამად ჩვენ სავიზო ლიბერალიზაციის პროგრამის განხორციელების ეტაპზე ვიმყოფებით. ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფომ უკვე დიდი ხნის წინ გადადგა და, ბუნებრივია, ჩვენთვის მუდმივად საინტერესოა ამ მიმართულებითაც ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ დაგროვილი გამოცდილება“, - განაცხადა სრბუჰი გალიანმა.
სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა პაატა სალიამ და სრბუჰი გალიანმა გახსნეს. თემატურ სესიებში, ასევე, მონაწილეობენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: ლანა მორგოშია და თამარ ზოდელავა, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე, ორი ქვეყნის გენერალური პროკურატურებისა და ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები.




