ევა გოცირიძე ანა წითლიძეს: საგანგებოდ ყოველ საქმეზე იმ საკითხის კვლევა, აბა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი წევრია მსჯავრდებული, ეს არ არის რელევანტური
სამართალი

ევა გოცირიძე
ფოტო: ვიდეოკადრი
საგანგებოდ ყოველ საქმეზე იმ საკითხის კვლევა, აბა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი წევრია მსჯავრდებული, ეს არ არის რელევანტური, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ დღევანდელ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ანა წითლიძეს.
„ქალბატონო ანა, სარჩელის მიხედვით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა შეერაცხოს ადამიანის უფლებათა დარღვევები, ზოგადად, რაც ხდებოდა იმ პერიოდში იმის მიუხედავად, უშუალო დამნაშავე, ანუ ვინც დანაშაული თუ უფლების დარღვევა ჩაიდინა, არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. სარჩელის ლოგიკა იმას ეფუძნება, რომ რადგან მმართველი პარტია იყო, ის პასუხისმგებელია ამაზე, ვინაიდან სარჩელის მიხედვით არამარტო ნეგატიური ვალდებულების დარღვევა მოგეწერებათ, არამედ პოზიტიური ვალდებულებების დარღვევაც. მათ შორის, გამოუძიებლობა, პრევენციის განუხორციელებლობა და ა.შ. ასე რომ საგანგებოდ ყოველ საქმეზე იმ საკითხის კვლევა, აბა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი წევრია მსჯავრდებული, ეს არ არის რელევანტური“, - აღნიშნა ევა გოცირიძემ.
ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხზე მე-18 სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდება. სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კითხვებს მოსარჩელე მხარეს უსვამენ.





