მოსამართლე ნიკა გვარამიას: თქვენ ახსენეთ, რომ ბევრი რამით ამაყობთ და არ ამაყობთ „იმედის“ საქმით. მინდა გკითხოთ, არის თუ არა ისეთი რამ, რითაც ასევე არ ამაყობთ
სამართალი

ფოტო: ვიდეოკადრი
თქვენ ახსენეთ, რომ ბევრი რამით ამაყობთ და არ ამაყობთ „იმედის“ საქმით. მინდა გკითხოთ, არის თუ არა ისეთი რამ, რითაც ასევე არ ამაყობთ, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ნიკა გვარამიას.
მოსამართლე ასევე დაინტერესდა, ყოველთვის იყო თუ არა ნიკა გვარამიას შინაგანი დამოკიდებულება თანხვედრაში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკასთან.
„ერთი შემაჯამებელი შეკითხვა მაქვს კიდევ. ბატონო ნიკა, თქვენ წლების განმავლობაში იყავით „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის ნაწილი. გეკავათ ძალიან მაღალი თანამდებობები. იყავით იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორის მოადგილე, იუსტიციის საბჭოს წევრი, განათლების მინისტრი. მიგაჩნიათ თუ არა თქვენ, რომ იყავით „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის სახე? წინა შეხვედრებზე აქ იყო საუბრები სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნაზე და ა.შ. და თქვენ ბრძანეთ, რომ არასდროს ყოფილხართ უშუალოდ პარტიის წევრი. თქვენ ახსენეთ, რომ ბევრი რამით ამაყობთ და არ ამაყობთ „იმედის“ საქმით. მინდა გკითხოთ, არის თუ არა ისეთი რამ, რითაც ასევე არ ამაყობთ. თქვენი თანამშრომლობისა და საქმიანობის პერიოდში, თქვენი შინაგანი განწყობა, თქვენი შინაგანი დამოკიდებულება შესაბამისი საკითხებისადმი, ყოველთვის იყო თანხვედრაში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკასთან? გაგიწევიათ თუ არა რეზისტენტულობა, გარკვეულ შემთხვევებში, მიგიღწევიათ თუ არა, რა იყო ასეთი შემთხვევები. შეგიძლიათ დაგვისახელოთ? თქვენი თავი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში დაგვისახეთ, სურათი წარმოგვიდგინეთ“, - აღნიშნა ევა გოცირიძემ.
ნიკა გვარამიას თქმით, პარტიული საკითხებით არასდროს დაინტერესებულა.
„გადაწყვეტილებები, პარტიის ოფისში მიღებული, მე არ მახსოვს. პარტიაში გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის ვერ ვიქნებოდი და მთავრობის წევრი ვიყავი, მთავრობის გადაწყვეტილებებში მონაწილეობას ვიღებდი. რაც შეეხება იმას, რა არ მეამაყება, ბევრია ასეთი. მთავარი ჩემთვის, რაც მინდოდა, რომ აღმენიშნა და რაც მაწუხებს, ეს უკვე ვთქვი. ასევე შემიძლია ვთქვა, კი იგივე საქმეში [7 ნოემბრის საქმე] იყო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, გახსოვთ ალბათ. ლეგიტიმური იყო თუ არა, ეს ერთია. ლეგალურად, კანონისმიერად მოპოვებული იყო, მაგრამ ჩემი აზრით, მიზანშეწონილი არ იყო. არ გავაკეთებდი იმავეს, იქ რომ დავბრუნდე. 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი თუ გახსოვთ. გახსოვთ თქვენ ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით, ასეთი საკითხები იყო. გავაკეთებდი თუ არა იმავეს - არა, არ გავაკეთებდი. ვგულისხმობ სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების ნაწილს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





