პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
სამართალი

ფოტო: პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით გადაწყვიტა სამი ძმის მკვლელობა. მიმდინარე წლის 5 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ბრალდებულმა, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი სამხედრო დანიშნულების საბრძოლო ვაზნების გამოყენებით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა ძმებს, რომელთაგან ორი მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ხოლო მესამე ძმას ნასროლი ტყვიები ასცდა. სროლის შედეგად საფრთხე შეექმნა ძმებთან ერთად მყოფი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა იგი მალევე დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით და 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ორი პირის განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236 -ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.





