თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი ხვალ, 12 საათზე გამოცხადდება
სამართალი

ფოტო: ვიდეოკადრი
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი ხვალ, 12 საათზე გამოცხადდება.
ხვალვე გადაწყდება ზურაბ ჭავჭანიძისა და ანტონ ვარდანიძის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საკითხი.
დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია. ცნობილია, რომ მსჯავრდებულებმა, მათ შორის ნანა სანდერმა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის პროკურატურას მიმართეს.
ზურაბ ჭავჭანიძემ, ანტონ ვარდანიძემ და ნანა სანდერმა დანაშაული აღიარეს და მოინანიეს.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა და იშუამდგომლა ორ მსჯავრდებულთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხზე. მოცემულ შემთხვევაში ლაპარაკია ანტონ ვარდანიძეზე და ზურაბ ჭავჭანიძეზე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც 8 მსჯავრდებულის მიმართ მიმდინარეობდა საქმის არსებითი განხილვა. 2-თან მიმართებით წარვადგინეთ საპროცესო შეთანხმება, ხოლო დანარჩენ 6 მსჯავრდებულთან მიმართებით სასამართლოს წარვუდგინეთ დასკვნითი სიტყვა.
ყველა მსჯავრდებულმა თავად მომართა პროკურატურას განცხადებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მათ დაესვათ კითხვები სასამართლოს მხრიდან, მათი აღიარება იყო თუ არა ნებაყოფლობითი და მათ მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ხომ არ ჰქონია ადგილი ამ პროცესში. მათ დაადასტურეს, რომ ისინი ნებაყოფლობით აღიარებდნენ როგორც ბრალად წარდგენილ ქმედებას, ასევე ითხოვდნენ გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება, რაც ბრალდების მხარეს ჰქონდა წარდგენილი და რაზეც არსებობდა მათი ხელმოწერები“, - განაცხადა 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ.





