პოლიციამ თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
სამართალი

ფოტო: istockphoto
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა ოქროს ნაკეთობები და დაარწმუნა, რომ მათი რეალიზაციის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, შესაბამის თანხას გადაუხდიდა. თუმცა, ბრალდებულმა ოქროს ნაკეთობების რეალიზაციის შემდეგ დაზარალებულთან კომუნიკაცია შეწყვიტა და მიღებული თანხა, 102 300 ლარი, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
სამართალდამცველებმა მოქალაქე ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.





