ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
სამართალი

ფოტო: ვიდეოკადრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანასოფლელს საბანკო ანგარიში გაახსნევინეს და ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის საჭირო ინფორმაციას დაეუფლნენ. მათ მამაკაცი დაარწმუნეს, რომ ანგარიშზე თანხები ჩაირიცხებოდა, საიდანაც გარკვეულ წილს მასაც მისცემდნენ.
მოგვიანებით ბრალდებულებმა მამაკაცს განუცხადეს, რომ თითქოს საბანკო ანგარიში გაუქმდა, რის შემდეგაც 1 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





