მოსამართლე ბადრი ჯაფარიძეს: ბატონო ბადრი, ჩვენ ვერ შევაფასებთ პოლიტიკოსების განცხადებებს, რომელიც, მით უმეტეს, სასამართლო დარბაზში არ გაკეთებულა - არავითარ ზემოქმედების მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგვაქცევს ვერავინ ვერასდროს, ეს იცოდეთ
სამართალი

ფოტო: ვიდეო/კადრი
ბატონო ბადრი, ჩვენ ვერ შევაფასებთ პოლიტიკოსების განცხადებებს, მით უმეტეს, პოლიტიკოსების იმ განცხადებებს, რომელიც სასამართლო დარბაზში არ გაკეთებულა, - განუცხადა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ბადრი ჯაფარიძეს სასამართლო პროცესზე.
ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მათ კვლავ იხილეს მანიპულაციის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქმესთან დაკავშირებით აწარმოებს. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის შეურაცხყოფაა, როდესაც პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღე დარჩა აღნიშნული პარტიების არსებობისთვის.
„ბატონო ბადრი, ჩვენ ვერ შევაფასებთ პოლიტიკოსების განცხადებებს. პოლიტიკოსების იმ განცხადებების შეფასება, რომელიც, მით უმეტეს, სასამართლო დარბაზში არ გაკეთებულა - ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებს ყველა მხარე.
ზემოქმედების ქვეშ ჩვენ ვერავინ ვერასდროს მოგვაქცევს. არავითარ მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგვაქცევს ვერავინ ვერასდროს, ეს იცოდეთ“, - მიმართა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ბადრი ჯაფარიძეს.





