ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა
სამართალი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2026 წლის 8 ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით, უკვე მე-11 წელია უწყვეტად ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე - „პირველ კალათაში“. 188 ქვეყნიდან მხოლოდ 33 ქვეყანაა პირველ კალათაში.
საქართველო თანმიმდევრული, კოორდინირებული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარებით, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს ქმნის. სახელმწიფო მნიშვნელოვან ძალისხმევას სწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს სტაბილურად უმაღლეს შეფასებას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ძალისხმევა, როგორც დანაშაულის პრევენციის, ასევე, დამნაშავეთა გამოვლენის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების, აგრეთვე მსხვერპლთა დაცვისა და კომპენსაციის მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროკურატურის მიერ სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებზე სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიან განხორციელებას, დამნაშავე პირთა მიმართ მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებასა და ტრეფიკინგის დაზარალებულის სისხლისსამართლებრივი წესით რესტიტუციას.
დადებითად შეფასდა ტრეფიკინგის სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება, ასევე პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სავალდებულო წესით ჩართულობა და პროკურორთა კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები.
2026 წელს, საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, HELP პროგრამის სასწავლო კურსი - „ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა“ განხორციელდა და 17 პროკურორი და პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი წარმატებით გადამზადდა. საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტია პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის განგრძობადი ამაღლება და ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაცია.
2016-2026 წლებში, პროკურორის გადაწყვეტილებით სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 94 ტრეფიკიორის მიმართ დაიწყო. ამათგან, სრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - 36 პირის მიმართ, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143² მუხლით - 57 პირის მიმართ, ხოლო სრულწლოვნისა და არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ და 143² მუხლებით - 1 პირის მიმართ.
საქართველოს პროკურატურა, ტრეფიკინგის დანაშაულებზე, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას აგრძელებს.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.





