ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ ცხრა თვის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტია გამოვლენილი
სამართალი

ეროვნული სატყეო სააგენტო
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 1 იანვრიდან დღემდე, ცხრა თვის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი. მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში კი, სამართალდარღვევის 42 ფაქტია გამოვლენილი, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის ტრანსპორტირებას უკავშირდება. ასევე იმერეთის რეგიონში გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
სექტემბრის თვეში ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 82 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც შემდგომი განკარგვის მიზნით, სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 9 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 1 - სამცხე-ჯავახეთში, 12 - სამეგრელო ზემო სვანეთში, 10 - ქვემო ქართლის რეგიონში, 4 - გურიაში, 4 - კახეთში, ხოლო 1 - შიდა ქართლის რეგიონში.
„მოგეხსენებათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აქტიურად მიმდინარეობს სატყეო რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება და უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტების შემცირებაა. ჩვენი მთავარი ამოცანა ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის შემცირებაა, რისთვისაც კონკრეტულ სამცველოებზე მონიტორინგში დამატებით 401 ტყის მცველია ჩართული. ყველა ეს ღონისძიება შესაბამის უწყებებთან ერთად, საბოლოო ჯამში კონტროლის ეფექტიანად განხორციელების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.





