6 წლის ბავშვის წამების საქმეზე ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ
სამართალი

ფოტო: shutterstock.com
თბილისის საქალაქო სასამართლომ, მცირეწლოვნის მიმართ წამების საქმეზე, პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ბავშვის დედისა და მამინაცვლის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენება გადაწყვიტა.
ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს წამების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ აქვს.
„ბრალდების მხარეს წამების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მათ შორის - არც ბავშვის ჩვენება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თავის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, თავს დამნაშავედ არ ცნობს, ბუნებრივია, არც - წამებაში. მისი მხრიდან არანაირ წამებას არ ჰქონია ადგილი“, - თქვა ადვოკატმა მურმან ღურწკაიამ სხდომის დაწყებამდე.
გუშინ სასამართლომ 6 წლის ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს არასრულწლოვნის ძმაც.
საქართველოს პროკურატურამ ბავშვის დედასა და მის მეუღლეს ბრალდება 19 ივნისს წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, „მ.დ. და მისი მეუღლე ა.ს. ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობდნენ ფიზიკურად - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა“.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





