გარემოს ეროვნული სააგენტო: სპეციალისტები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში ტერიტორიის, თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას აფასებენ. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით იმყოფებიან შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები
რეგიონი

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ქვეყნის შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად სტიქიის ზონიდან მოსახლეობა უსაფრთხოდ გაიყვანეს, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფი მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში მეორადი გენერაციის ცალკეული უბნები გააქტიურდა, რის შედეგადაც დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება, რათა დროულად შეფასდეს არსებული მდგომარეობა. სააგენტოს სპეციალისტები მიმდებარე ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას აფასებენ.
ადგილზე უსაფრთხოების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
სხვადასხვა წლებში სოფელ ლაილაშის ტერიტორიაზე სააგენტოს გეოლოგების მიერ შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.
სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





