რუსთავში შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს
რეგიონი

ფოტო: რუსთავის მერია
რუსთავში, ცენტრალური ქუჩების განახლების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა. საცხოვრებელი შენობების ეზოების რეაბილიტაციის ფარგლებში, მე-12 მიკრორაიონის N1კორპუსის მიმდებარედ, სპორტული და დასასვენებელი სივრცე ეწყობა.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ლელა ლუარსაბიშვილთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის განვითარება თანაბრად მიმდინარეობდეს, ამიტომ ცენტრალური ქუჩების პარალელურად, შიდა უბნებიც აუცილებლად უნდა მოვაწესრიგოთ. მე-12 მიკრორაიონის N1კორპუსის მიმდებარედ, ახალ საზოგადოებრივ სივრცეს ვაწყობთ. ზაფხულიდან დღემდე, შიდასაუბნო სივრცის რეაბილიტაცია ოთხ მისამართზე დავასრულეთ. ამ ეტაპზე, აქტიური სამუშაოები სამ სხვადასხვა უბანში გვაქვს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება არსებულ საფეხბურთო მოედანს, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო მოედანი, მწვანე სივრცეები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე და საპარკინგე ზონა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი. 400 000 ლარამდე ღირებულების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ზაფხულიდან დღემდე, რუსთავში, საზოგადოებრივი სივრცის რეაბილიტაცია 4 მისამართზე დასრულდა. ამ ეტაპზე, შიდასაუბნო სივრცის მოწყობა 3 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.





