მარნეულში ახალგაზრდებთან ჟურნალ „არჩევნები 360˚“- ის პრეზენტაცია გაიმართა
რეგიონი

ცესკო
მარნეულში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის აზერბაიჯანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა.
გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან ისაუბრა სანდო ინფორმაციის მნიშვნელობასა და არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე.
მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა მხოლოდ არჩევნების ორგანიზებით არ შემოიფარგლება და ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო საკითხებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
ასევე, აღინიშნა, რომ ინფორმირებული ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, ხოლო საარჩევნო საკითხების ცოდნა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მათი გააზრებული სამოქალაქო მონაწილეობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ცესკოს პერიოდული გამოცემა „არჩევნები 360˚“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ, ამომწურავ დასანდო ინფორმაციას სთავაზობს.
ჟურნალი სხვადასხვა აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით და ქართულ-ინგლისურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე გამოიცემა.
გამოცემის წარდგენა მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის საარჩევნო საკითხებზე სანდო და ამომწურავი ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც ხელს უწყობს მათ ინფორმირებულობასა და საარჩევნო პროცესებში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შესახებ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდა. საუბარი ასევე შეეხო იმ ღონისძიებებსა და ინიციატივებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საარჩევნო სერვისებისა და ინფორმაციის თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, რისი ერთ-ერთი დასტური და შედეგიც სწორედ საარჩევნო ჟურნალის მათთვის გასაგებ ენებზე თარგმნა, დაბეჭდვა და გავრცელებაა. დეზინფორმაციაზე რეაგირების მიმართულებით ცესკოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და დეზინფორმაციის რეესტრის ფუნქციონირებაზე კი ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრა. ახალგაზრდებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია და საკუთარი მოსაზრებები ცესკოს წარმომადგენლებისთვის გაეზიარებინათ.
პრეზენტაცია მარნეულში, კოლეჯ ,,მოდუსში“ 10 ნოემბერს გაიმართა და მას 100-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო - მარნეულიდან, ბოლნისიდან, დმანისიდან და გარდაბნიდან. ახალგაზრდებთან ერთად შეხვედრას ასევე სკოლის პედაგოგები დაესწრნენ. ჟურნალის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მდივანი ქეთი ქარენაშვილი, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლელა ქრისტესიაშვილი, საოლქო საარჩევნო კომისიის სხვა წარმომადგენლები და რეგიონული კოორდინატორი კობა ასანიძე.
ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.





