რუსთავში კიდევ ერთი ახალი სპორტული და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა
რეგიონი

რუსთავის მერია
რუსთავში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, მერვე მიკრორაიონში, N6ა საცხოვრებელ კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი განახლდება და დასასვენებელი სივრცეც მოეწყობა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კარლო ნოდიასთან, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ ბაღუასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და შიდასაუბნო სივრცის რეაბილიტაციის პროექტის დეტალები გააცნო.
„კიდევ ერთი პროექტი გავაცანით მოსახლეობას და რამდენიმე დღეში, მე-8 მიკრორაიონის N6ა კორპუსის მიმდებარედ, საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციას დავიწყებთ. ახალი პროექტით განსაკუთრებით ბავშვები დაინტერესდნენ, რადგან მსგავს სივრცეებს სწორედ მათი კომფორტისთვის და სწორი განვითარებისთვის ვაწყობთ. გათვალისწინებული გვაქვს ყველა ის სტანდარტი, რასაც გარე სივრცეში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა აკმაყოფილებდეს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ უბანში განახლდება სპორტული და ბავშვთა გასართობი მოედნები, მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება გარე განათება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და მწვანე ზონები. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
დღეისათვის ქალაქის მასშტაბით შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა ერთდროულად რვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.




