ზვიად შალამბერიძე: დღევანდელ დღეს ერთი რამ, რაც დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში ყველას ინტერესს ატარებდა ჩვენს ქვეყანაში საქართველოს და ქართველი ხალხის გარდა
პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დღევანდელ დღეს ერთი რამ, რაც დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში ყველას ინტერესს ატარებდა ჩვენს ქვეყანაში საქართველოს და ქართველი ხალხის გარდა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
მისი თქმით, არცერთ მონაკვეთში არ ჩანს ის, რომ სააკაშვილი ქართული საზოგადოების და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი იყო.
„ზოგადად, მისი ქმედებების ახსნა არათუ ჩვენ, არამედ მის მეგობრებს და თანამებრძოლებს უჭირთ დღევანდელ დღეს. არამარტო ამ პოსტის გამო, არამედ გარკვეული პერიოდულობით ეს ადამიანი უცნაურ პოსტს გამოაცხობს და შემდეგ მის მეგობრებს უწევთ დაბნეულად კომენტარების კეთება. რეალურად არ იციან რას ემსახურება თუ არ ემსახურება ეს პოსტები.
დღევანდელ დღეს ერთი რამ, რაც დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში ყველას ინტერესს ატარებდა ჩვენს ქვეყანაში საქართველოს და ქართველი ხალხის გარდა. ფაქტია, რომ 2003 წლიდან დაწყებული ის ატარებდა უცხო ქვეყნის ინტერესებს, დამთავრებული 2012 წლამდე. არცერთ მონაკვეთში არ ჩანს ის, რომ იგი ქართული საზოგადოების და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი იყო“, - აღნიშნა მან.
„ვარდების რევოლუციის“ შესახებ 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ პირველმა „ვარდების რევოლუცია“ სწორედ რუსეთის საგარეო მინისტრმა, იგორ ივანოვმა აკურთხა. ექსპრეზიდენტის განცხადებით, გვიან ღამით მათთან რუსეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი მივიდა და ჟვანიას, ბურჯანაძესა და სააკაშვილს შორის თანამდებობებიც სწორედ მან გაანაწილა. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის ეს პოსტი, მის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება - იგი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა.





