Rapporteur: კაია კალასი ევროკავშირ-სირიის მოლაპარაკებების გამოყენებას რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გასაუქმებლად გეგმავს
პოლიტიკა

კაია კალასი
ფოტო: Anadolu via Getty Images
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს კაია კალასს, სურს, რომ სირიის მთავრობამ რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება გააუქმოს. ამის სანაცვლოდ, ევროკავშირი დამასკოსთან ურთიერთობების გაღრმავებას განიხილავს, იუწყება Rapporteur-ი.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირი სირიასთან ურთიერთობების აღდგენას ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ცდილობს. ამ პროცესს კალასის ხელმძღვანელობით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური წარმართავს.
გასულ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს 2008 წელს შეთანხმებული, თუმცა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო რატიფიცირების გარეშე დარჩენილი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საკითხი.
შემდეგი ეტაპი განახლებული შეთანხმების მოლაპარაკებისთვის მანდატის მიღება იქნება, რომელიც ახალ პოლიტიკურ რეალობას გაითვალისწინებს. ეს პროცესი შესაძლოა მომავალი წლიდან დაიწყოს. ევროკავშირი სირიისგან მოელის, რომ დამასკო რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას გააუქმებს, სანაცვლოდ კი ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებს მიიღებს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა Rapporteur-ს განუცხადა, რომ კალასმა ეს საკითხი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ასაად ალ-შაიბანისთან არაერთხელ დააყენა, მათ შორის, პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან ოქტომბერში გამართული შეხვედრის დროსაც.
საკითხი დამასკოში გასული კვირის ვიზიტისას ევროკომისარმა ხმელთაშუა ზღვის საკითხებში, დუბრავკა შუიცამაც წამოჭრა.
„ჩვენ ასევე უნდა მოვითხოვოთ, რომ არ აღიარონ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც მათ ასადის რეჟიმის დროს აღიარეს და სხვა საკითხები, რომლებიც წევრმა სახელმწიფოებმა წამოაყენეს“, - განაცხადა კალასმა გასული კვირის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ წინადადებას განიხილავენ.
ოქტომბერში დამასკოში ვიზიტისას კალასმა ასევე მიანიშნა, რომ რუსეთის გავლენის, მათ შორის, მისი სამხედრო ყოფნის შემცირება ევროკავშირის ერთ-ერთი მოლოდინი იქნება.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის მოთხოვნა ოთხ ტერიტორიას ეხება - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს.





