შალვა პაპუაშვილი: „ბათუმის პროცესი" მართლაც იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად". მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ბათუმის პროცესი" მართლაც იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად". მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
შალვა პაპუაშვილი აზიარებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე „ლელოს“ ერთ-ერთ წარმომადგენლის განცხადება, რომ პარტია ითხოვდა საქართველო შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, ხოლო დამატებითი ზომები მათ არასდროს მოუთხოვიათ. ამავე ვიდეოში მოცემულია პარტია „ლელოს“ ყრილობის ფრაგმენტი, სადაც მამუკა ხაზარაძე საუბრობს სხვადასხვა შეზღუდვასა და აკრძალვაზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის, ასევე რუსული კომპანიებისთვის, მათი აზრით უნდა დაწესებულიყო.
„ერთ ვიდეოში მოცემული ვერდიქტი, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს. სხვას რას უნდა მოველოდეთ თაღლითების პარტიისგან, გარდა იმისა, რომ რაც საარჩევნო პროგრამაში ეწერათ, შეიცხადონ, როდის გვითქვამსო?
მინდა აქვე გავიხსენო ეპიზოდი ჩვენი უახლოესი ისტორიიდან. 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული. პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიცია მიტინგებს მართავს და უკრაინაში მებრძოლების გაგზავნას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. ეს სწორედ ის მიტინგებია, ნინო ლომჯარიამ სანქციების არდაწესებით გამოწვეული სირცხვილით წვას, ბომბების ცეცხლით წვა რომ ამჯობინა.
„ლელოს" მაშინდელმა საპარლამენტო შემადგენლობამ ჩემთან შეხვედრა ითხოვა. ახლაც მახსოვს, როგორ ვუყურებდი მაგიდის გადასწვრივ მსხდომ "ლელოს" პარლამენტიორებს, რომლებიც რუსთაველიდან შემოსულ შეძახილებზე მითითებით, მომიწოდებდნენ, მოთხოვნები გაგვეთვალისწინებინა - უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეები გაგვეგზავნა და რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა. ვუყურებდი საქართველოს ზრდასრულ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას ითხოვდნენ.
მათი ეს მოთხოვნა იმავე დღეებში, სხვადასხვა უცხოელი ემისრის დაჟინებულ რჩევებს და მოთხოვნებს რატომღაც საეჭვოდ ემთხვეოდა.
პრეზიდენტი ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ 2022 წელს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომი არ იქნებოდა. ჩვენი გამოცდილებაც, გარკვეულწილად, ამ სიტყვებს ადასტურებს. 2022 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ნაცვლად უცხო ძალების სამსახურში მყოფი ეს ჯგუფი რომ ყოფილიყო, საქართველოში ომი აუცილებლად იქნებოდა.
„ბათუმის პროცესი" მართლაც იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად". მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას. ეს კადრები გაკვეთილად უნდა დარჩეს, რათა ყველამ გაიაზროს, რას ნიშნავს უცხოს მარიონეტად და სასარგებლო იდიოტად ქცევა“, - წერს პაპუაშვილი.





