თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ამპლუაშია, იმდენი მტკიცებულება მოგვცეს პასუხებით, ჩვენ თვითონ ამას ვერ მოვიპოვებდით ნამდვილად. ასე გააგრძელონ, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ნაციონალური მოძრაობა“ თავის ამპლუაშია, იმდენი მტკიცებულება მოგვცეს პასუხებით, ჩვენ თვითონ ამას ვერ მოვიპოვებდით ნამდვილად, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.
შარმანაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყველა არაკანონიერ, ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯს ამართლებენ და ზოგჯერ, ამაყობენ კიდეც.
„იმდენი მტკიცებულება მოგვცეს ამ პასუხებით, ჩვენ თვითონ ამას ვერ მოვიპოვებდით ნამდვილად. ასე გააგრძელონ, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ.
ერთია, შენ რა გაქვს ჩადენილი წარსულში, მეორეა შენ ამას იაზრებ, არ იაზრებ და თეორიულად შენ თუ მოგეცემა საშუალება, ამას გაიმეორებ თუ არ გაიმეორებ. ყველა ვხედავთ, რომ ეს ადამიანები, თუ ოდესმე, თეორიულადაც რომ დავუშვათ, შესაძლოა ხელისუფლებაში მობრუნდნენ, რა თქმა უნდა, გაიმეორებენ და გაათმაგებულად გაიმეორებენ. ამას არც მალავენ, ამართლებენ ყველა თავის არაკანონიერ, ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯს და ზოგჯერ, ამაყობენ კიდეც, რაც ალბათ ჩვენი ამომრჩევლის გაკვირვებასაც იწვევს“, - აღნიშნა მან.
5 ოპოზიციური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა გრძელდება. რიგით მე-13 სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 14:00 საათზე განახლდება და კვლავ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.





