დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრა ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ დაკავშირებადობას, შუა დერეფნის განვითარებასა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას.
„გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოს 90-მდე ქვეყნის ლიდერი, რაც საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ ლიდერთა სამიტში მონაწილეობდა.
კონფერენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება და პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





