მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
პოლიტიკა

ტალგატ ადუოვი; მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან ტალგატ ადუოვთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მსჯელობა შეეხო საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ახლო მომავალში ყაზახეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესაძლებლობას.
ყურადღება ასევე გამახვილდა „შუა დერეფნის“ განვითარების მხრივ თანამშრომლობასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.





