ნიკოლოზ სამხარაძე: ვერ ვიტყვით, რომ ეს ანგარიში ასახავს ობიექტურ რეალობას და არის მიუკერძოებელი იმიტომ, რომ არ შეიძლება, კანდიდატ ქვეყანაზე ანგარიში ისე მოამზადო, მათ შორის, ყველა სფეროზე, რომ ორწელიწადნახევრის განმავლობაში არც ერთი პოლიტიკური შეხვედრა არ გქონდეს გამართული
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს ანგარიში ასახავს ობიექტურ რეალობას და არის მიუკერძოებელი, - აცხადებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის შეფასებისას.
სამხარაძე ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულ ადამიანებად“ მოხსენიებულ პირებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების 80%-მა ბრალი აღიარა.
„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს ანგარიში ასახავს ობიექტურ რეალობას და არის მიუკერძოებელი იმიტომ, რომ არ შეიძლება, კანდიდატ ქვეყანაზე ანგარიში ისე მოამზადო, მათ შორის, ყველა სფეროზე, რომ ორწელიწადნახევრის განმავლობაში არც ერთი პოლიტიკური შეხვედრა არ გქონდეს გამართული. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შეფასებებს არ ვეთანხმებით ერთი უბრალო მიზეზის გამო - ჩვენ არ გვგონია, რომ გამჭვირვალობის კანონი რომელიმე ევროპულ ნორმას ეწინააღმდეგება. რაც შეეხება „თვითნებურად დაკავებულ ადამიანებს“, როგორც ანგარიშში წერია, მინდა, ყველას შევხსენო, რომ ამ „თვითნებურად დაკავებული ადამიანების“ 80%-მა ბრალი აღიარა. შესაბამისად, ისინი არა თვითნებურად, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით არიან დაკავებულნი”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.
ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო უწყება ასევე, აცხადებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას“.





