პაპუაშვილი დიპლომატებს: ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან. ხანდახან სწორედ მეგობარს სჭირდება უფრო მეტად იმის შეხსენება, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სხვისი პოლიტიკური ნების ჩანაცვლებას საკუთარი ნებით, მეგობრობა არ აუქმებს სუვერენიტეტს და კეთილი განზრახვაც კი ვერ გაამართლებს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პაპუაშვილის თქმით, ხანდახან სწორედ მეგობარს სჭირდება უფრო მეტად იმის შეხსენება, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სხვისი პოლიტიკური ნების ჩანაცვლებას საკუთარი ნებით, მეგობრობა არ აუქმებს სუვერენიტეტს და კეთილი განზრახვაც კი ვერ გაამართლებს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას.
„35 წლის წინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, ჩვენ ბევრად უფრო ოპტიმისტურად ვუყურებდით სამყაროს, რომელშიც ვბრუნდებოდით. გვეგონა, რომ ცივი ომის დასრულებას მოჰყვებოდა ეპოქა, სადაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას სულ უფრო მეტად განსაზღვრავდა სამართალი და სულ უფრო ნაკლებად ძალა. დღეს მეტი გამოცდილება გვაქვს. დღეს ვიცით, რომ საერთაშორისო პოლიტიკა არასოდეს ყოფილა სენტიმენტების სფერო. სახელმწიფოები მოქმედებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ამის გაცნობიერება ცინიზმი არ არის, ეს არის პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის აუცილებელი წინაპირობა.
ამიტომ მინდა ქართველ დიპლომატებს განსაკუთრებით გითხრათ: ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან. ხანდახან სწორედ მეგობარს სჭირდება უფრო მეტად იმის შეხსენება, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სხვისი პოლიტიკური ნების ჩანაცვლებას საკუთარი ნებით, მეგობრობა არ აუქმებს სუვერენიტეტს და კეთილი განზრახვაც კი ვერ გაამართლებს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.





