არჩილ გორდულაძე: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა და აფინანსებს კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და უამრავი სხვა სფეროს წარმომადგენლებს, საერთო ჯამში კი მის მიერ საქართველოში განხორციელებული ქველმოქმედება სცდება ორნახევარ მილიარდ დოლარს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მთელი თავისი ქონება და აქტივები გადასცა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და დღესაც ფონდი ახორციელებს ასობით საქველმოქმედო პროექტს საქართველოში.
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო. აღნიშნულისთვის თანხა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პირდაპირ ბიუჯეტში გადარიცხა, ხოლო შემდეგ სწორედ გვარამიას ხელისუფლება იწონებდა თავს სკოლების განახლებით. ეს ყველაფერი არასოდეს ჩაუთვლია ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს საქველმოქმედო საქმიანობაში, არამედ, რადგან ეს ხარჯები იყო საქართველოს ბიუჯეტის მიერ გასაწევი თანხა, რისი საშუალებაც მაშინ არ არსებობდა, სწორედ ბიუჯეტის ნაცვლად მან პირადად დააფინანსა ქვეყნის ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჯარო სისტემა.
ბატონი ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა და აფინანსებს კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და უამრავი სხვა სფეროს წარმომადგენლებს, საერთო ჯამში კი მის მიერ საქართველოში განხროციელებული ქველმოქმედება სცდება ორნახევარ მილიარდ დოლარს. რამდენიმე წლის წინ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მთელი თავისი ქონება და აქტივები გადასცა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და დღესაც ფონდი ახორციელებს ასობით საქველმოქმედო პროექტს საქართველოში. მართალია, ჩვენი საზოგადოებისათვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნისათვის გაღებული მატერიალური, პოლიტიკური თუ სოციალური ქველმოქმედების შესახებ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე, რომ გვარამიას უტიფრობა უპასუხოდ არ დამეტოვებინა“, - აღნიშნა გორდულაძემ.





