ზაზა ლომინაძე და ირაკლი შატაკიშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
პოლიტიკა

ირაკლი შატაკიშვილი; ზაზა ლომინაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის წევრებმა სტუმრებს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს და იმ რეფორმებსა და მიდგომებზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ახორციელებს.
„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს. ეს შეეხება როგორც ნარკოდანაშაულთან ბრძოლას, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს. ჩვენი მთავარი მიზანი კვლავაც უცვლელია - ეს არის ნარკოდანაშაულის პრევენცია, ნარკომომხმარებლების განკურნება და მომავალ თაობებზე ზრუნვა. შეხვედრაზე სტუმრებს ის საკანონმდებლო ბაზა გავაცანით, რომელიც პარლამენტმა ნარკოდანაშაულის მიმართ მიიღო, სადაც აღინიშნა, რომ ნარკოტიკების დამზადების, გადაზიდვის და რეალიზაციის მიმართ კანონი გამკაცრებულია და ამ კუთხით ბრძოლა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის დელეგაციას პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდერ კვაშნიევსკი ხელმძღვანელობს.





