ლევან მახაშვილი უკრაინისა და მოლდოვის "საგზაო რუკებზე":ეს უფრო პასუხია მათთვის, ვინც ილუზიებში ცხოვრობს და გვიკიჟნებს, რომ სტრატეგიული მომენტი არ გამოვტოვოთ
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
საქართველოს პარლამენტი
ეს უფრო პასუხია მათთვის, ვინც ილუზიებში ცხოვრობს და გვიკიჟნებს, რომ სტრატეგიული მომენტი არ გამოვტოვოთ, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას, რომლის თანახმადაც, „საგზაო რუკები“, რომლებსაც ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ამზადებს, გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო თარიღებს არ მოიცავს.
მახაშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრება არის პოლიტიკური პროცესი და ყველა თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს.
"უკრაინის და მოლდოვის და ბალკანეთის შემთხვევაში, რომელიც ათწლეულებია ამ პროცესში არის გაჭედილი, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ყველა თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს.
ეს თარიღებიც უკვე მერამდენე წელია ასე მიცოცავს, ჯერ 2025 წლიდან დაიწყეს, ახლა 2029, 2030 წელზე არიან, ზოგმა 2035 წელი დაასახელა, ზოგმა საერთოდ 2040 წელი. ეს კარგად აჩვენებს, რომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ილუზიებიდან და რაციონალურად, ცივი გონებით, პრაგმატულად უნდა შევხედოთ ამ პროცესს", - განაცხადა მახაშვილმა.





