ლევან მახაშვილი: სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია. მათ უკვე მერამდენედ, ჯერ უნგრეთის და ახლა უკვე სერბეთის პოლიტიკური გაკვეთილები ისევ არასწორად წაიკითხეს და ისევ იმ პრიმიტიულ, გაცვეთილ და სახიფათო ილუზიად აქციეს, რასაც ეს არაკონსტიტუციური ძალები უკვე წლებია, ხალხს თავს ახვევენ, რომ: თითქოს ქუჩის ხმაური თავისთავად ცვლის ხელისუფლებას, თითქოს საბავშვო კაპრიზებივით გამოცხადებული ბოიკოტი პარლამენტს დაშლის და თითქოს, ისტერიული პრესკონფერენციები თუ ფარატინა რეზოლუციები ოდესმე პოლიტიკურ გამარჯვებაში გადაიზრდება, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ცვლილებების ერთადერთი გზა არჩევნებია - საკუთარი ხალხის ნებისა და სამართლებრივი სისტემის პატივისცემა.
„არიან კი არაკონსტიტუციური ძალები ამისთვის მზად? განვლილი წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რეალურად რისთვის არიან ეს ძალები მზად - ეს არის: არჩევნების ბოიკოტი, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფა, საკუთარი ხალხის წამება, საკუთარი ქვეყნის მიწების ოკუპანტისთვის ჩაბარება, წაგებულ არჩევნებში მარცხის არაღიარება და იმ ამომრჩევლის უპატივცემულობა, ვინც საკუთარი ხმა ანდო.
ამიტომ, სერბეთის მაგალითი სინამდვილეში, არაკონსტიტუციური პარტიების დესტრუქციული ნარატივის წინააღმდეგ მუშაობს. როდესაც ხალხს სთავაზობენ არა ქვეყნის განვითარების გეგმას, არა ხალხის ინტერესებით ნაკარნახევ მომავალს, არამედ მუდმივ ქაოსს, დესტრუქციასა და უსასრულო ბოიკოტს, იქ მთავრდება მათი პოლიტიკური ფილოსოფია. როცა პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია არც ეროვნული პლატფორმა და არც ხალხის მხარდაჭერა, სხვისი სცენარების კოპირება ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
ლევან მახაშვილის თქმით, ხალხის დაკვეთაა, რომ საქართველოში ევროპული მომავალი აშენდეს არა ყალბ ლოზუნგებზე დაყრდნობით, არამედ ეროვნული ღირებულებების დაცვით.
„ამისთვის კი საჭიროა არა მორიგი დესტრუქცია, არამედ: მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც ამ არაკონსტიტუციურ პარტიებს არ აქვთ; ეროვნული ღირსება, რაც ამ არაკონსტიტუციურ პარტიებს ასევე არ აქვთ; მშვიდობიანი მომავლის ხედვა, რაც ამ არაკონსტიტუციურ პარტიებს ასევე არ აქვთ და ამიტომაც არიან იქ, სადაც არიან - საკონსტიტუციო სასამართლოსა და ხალხის სასამართლოს განსასჯელის სკამზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.



