ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: იქამდეც მივალთ ალბათ, რომ შესაძლოა არქივში რაღაც მოვძებნოთ და თქვან, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილია ეს ვიდეოო. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია
ფოტო: „ქართული ოცნება“
იქამდეც მივალთ ალბათ, რომ შესაძლოა არქივში რაღაც მოვძებნოთ და თქვან, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილია ეს ვიდეოო. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში, უმრავლესობის სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ გახარიას პარტიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც პარტიის წევრები 4 ოქტომბრის მოვლენებს აკრიტიკებენ, თუმცა არქივი ასევე ინახავს გახარიას და მისი თანაგუნდელების არაერთ განცხადებას, რომელშიც ისინი ამტკიცებენ, რომ არანაირი ლეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ პარლამენტს არ აქვს და არც მომავალში ექნება და ამ განცხადებების მიუხედავად, 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
„თუ არ ვცდები, [ლევან] გოგიჩაიშვილი ამბობდა, რომ რადგან 4 ოქტომბერი ვერ შედგა, მერე თურმე აზრი არ ჰქონდა გარეთ დგომას. თავიანთი პატრონების მესიჯბოქსი გაიმეორეს. გადაწყვიტეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში კი არა, მათ უთხრეს, რომ 4 ოქტომბერი ვერ შედგა, მერამდენე რევოლუციური სცენარი ვერ შედგა, ვერ დავიკავეთ პრეზიდენტის სასახლე და შედით პარლამენტშიო. ეს მესიჯბოქსი მოუვიდათ. რამდენიმე ლიდერის ამ წამოცდენებსაც ინახავს არქივი. როდესაც ასეთ გაუგებარ განცხადებებს აკეთებენ, ამით შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას. ან ისეთი სულელები ვგონივართ ჩვენც და ჩვენი ქვეყნის საზოგადოება, რომ აზრის გამოტანა არ შეგვიძლია, ან უბრალოდ თვალებში ნაცარს გვაყრიან და გუშინდელ განცხადებაზე შეუძლიათ თქვან, ეს მე არ ვყოფილვარო. იქამდეც მივალთ ალბათ, რომ შესაძლოა არქივში რაღაც მოვძებნოთ და თქვან, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილია ეს ვიდეოო. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა კირცხალიამ.





