გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე: ჯერჯერობით მათი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ. სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ
პოლიტიკა

გიორგი კახიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჯერჯერობით მათი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ და თქვენ იცით რომ ასეთი შემთხვევაც იყო, როდესაც ერთ-ერთი მოპასუხე გააძევეს სხდომის დარბაზიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით გამართულ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე საუბრისას.
მისივე თქმით, სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ.
„იციან ჩვენს სარჩელში დასმული საკითხები და იციან რას ვედავებით, ბუნებრივია ახსნა-განმარტებების ეტაპზე კიდევ მოხდება ამის დაზუსტება თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ არ ვიცით მათი პოზიცია, მათ შეეძლოთ შესაგებელი წარმოედგინათ, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. რა მტკიცებულებები აქვთ მათ სარჩელის საწინააღმდეგოდ ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვართ ინფორმირებული, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მტკიცებულებები ალბათ ვერ ექნებათ იმდენად მყარად არის სარჩელში მოყვანილი მათი საწინააღმდეგო მტკიცებულებები“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დღეს 12:00 საათიდან განახლდება. სასამართლო ისევ შუამდგომლობების საკითხის განხილვას დაიწყებს.
უპრეცედენტო საქმის განხილვა გუშინ დაახლოებით 8 საათის განმავლობაში, მწვავე კამათისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა სხდომათა დარბაზიდან გაძევების ფონზე წარიმართა.





