დავით მათიკაშვილი: არ მოვიდა ის დრო, მიხვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან არსებითი, კონსტრუქციული, საღი, ჯანმრთელი ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ენერგოუსაფრთხოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ევროკავშირისთვის?!
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ცხადია, რომ ევროკავშირსაც ასევე სჭირდება საქართველოს მხარდაჭერა და გვერდით დგომა, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
იგი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტო მეცოლას განცხადებებს გამოეხმაურა. კერძოდ, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით გაკეთებულ განცხადებას, რომ მათ სჭირდებათ სანდო პარტნიორები და საიმედო თანამშრომლობა.
მათიკაშვილის თქმით, ევრობიუროკრატებმა ვითარება რეალურად უნდა შეაფასონ.
„ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი მართლაც საბავშვო ბაღში ჩატარებულ თამაშობებს, როდესაც პატარა ბავშვები დგამენ სპექტაკლებს და რეალობას თვალს ვერ უსწორებენ, რადგან ისინი პატარები, ბავშვები არიან.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევრობიუროკრატიაზე, რომ ევრობიუროკრატია - რა მაღალი სტატუსის კომისრები თუ პარლამენტის პირველი პირებიც არ უნდა საუბრობდნენ ევროპარლამენტიდან, სრულიად სასაცილო მდგომარეობაში რომ ჩაიგდეს საკუთარი თავი, არ მოვიდა ის დრო, გადმოვიდნენ კონსტრუქციულ, საღ, რეალურ ვითარებაში, რეალურ დროში და რეალურად დაინახონ გეოპოლიტიკა, რეალურად შეაფასონ პოლიტიკური და გეოგრაფიული რუკა?! მიხვდნენ იმას, რომ საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო ქვეყნის ხელისუფლებასთან არსებითი, კონსტრუქციული, საღი, ჯანმრთელი ურთიერთობის გარეშე, წარმოუდგენელია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ენერგოუსაფრთხოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ევროკავშირისთვის. ხომ ცხადია, რომ ევროკავშირსაც ასევე სჭირდება საქართველოს მხარდაჭერა და გვერდით დგომა, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი?!“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.




