შალვა პაპუაშვილი: პარტია, რომელიც თავისი არსით ანტიკონსტიტუციურია, მისი ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. ეს არის წესი, რომელიც მოქმედებს ყველგან - უკრაინაშიც, მოლდოვაშიც, გერმანიაშიც და შესაბამისად, მოქმედებს საქართველოში
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კონსტიტუციის მტერი პარტიების აკრძალვის მთელი არსი არის იმაში, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს თავდაცვის უნარი და ინსტრუმენტები, რათა კონსტიტუციისა და დემოკრატიის მტრები პოლიტიკურ ლანდშაფტში არ იყვნენ, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტების თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, თუ რა პოლიტიკური რეზონანსი შესაძლოა, ჰქონდეს ამ საკითხს საერთაშორისო კონტექსტში.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც, რომ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ეს ფაშისტური პოლიტიკაა.
„ჯერ ერთი, ქალბატონ სალომეს ვეტყოდი, რომ ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ. ქალბატონი სალომეს ოჯახის წევრები იყვნენ კოლაბორანტები ჰიტლერის ფაშისტურ რეჟიმთან. ასე, რომ მისი მხრიდან ფაშიზმზე საუბარი ცოტა ფარისევლობაა - მისი ოჯახის წევრები იყვნენ შეკრული და თანამშრომლობდნენ ჰიტლერის ფაშისტურ რეჟიმთან.
და მეორე, ამბობს, რომ ეს აქეთ მიემართება. ქალბატონი სალომე როდესაც პარტიების აკრძალვას ფაშისტურ პოლიტიკასთან ადარებს, გამოდის, რომ მაშინ ის უკრაინასა და მოლდოვას ფაშისტურ სახელმწიფოებს უწოდებს. თუ რასთან გვაქვს საქმე? ვერ ერკვევა ამ საკითხებში?
ბოლო ოთხ წელიწადში უკრაინაში 18 პარტიაა აკრძალული, ბოლო სამ წელიწადში ორი პარტიაა აკრძალული მოლდოვაში.
ასე, რომ ეს არაფერ კავშირშია იმ მუქარებთან, რომელიც ჩვენ გვესმის ზოგიერთი აქტორის მხრიდან. პარტია, რომელიც თავისი არსით ანტიკონსტიტუციურია, ანუ პარტია, რომელიც არის კონსტიტუციის მტერი, მისი ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. ეს არის წესი, რომელიც მოქმედებს ყველგან - უკრაინაშიც, მოლდოვაშიც, გერმანიაშიც და შესაბამისად, მოქმედებს საქართველოში. მაშინ ვინმემ უნდა თქვას, რომ ქართველები ვართ მეორე ხარისხოვანი ერი და თუკი უკრაინაში კონსტიტუციის მტერი პარტიების აკრძალვა შეიძლება, ჩვენთან არ შეიძლება, რადგან ჩვენ პლებეები ვართ ვინმესთან შედარებით, ან ცინიკურად ატყუებს ქართველ ხალხს.
ასე, რომ პარტიის აკრძალვის პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიის შესუსტებასთან, პირიქით, ეს არის ინსტრუმენტი დემოკრატიის გაძლიერებისთვის, ვინაიდან მთელი არსი კონსტიტუციის მტერი პარტიების აკრძალვისა არის იმაში, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს თავდაცვის უნარი და ინსტრუმენტები, რათა კონსტიტუციისა და დემოკრატიის მტრები პოლიტიკურ ლანდშაფტში არ იყვნენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.





