ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიზეზზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, ეს არის ის, რომ 2022 წლის თებერვალში საქართველომ უარი განაცხადა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებულიყო პროქსისახელმწიფოდ. ზუსტად იმ დღიდან იწყება უსამართლობა, ამდენი სიცრუე, დეზინფორმაცია, რეზოლუციები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
საქართველოს პარლამენტი
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა.
როგორც მან „დღის ქრონიკასთან“ აღნიშნა, რეზოლუციები, რომელთაც ორკესტრირებული ხასიათი აქვთ, მოჰყვა საქართველოს უარს, გამხდარიყო პროქსისახელმწიფო და გაეხსნა მეორე ფრონტი.
„საფუძველზე და მიზეზზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, ეს არის ის, რომ 2022 წლის თებერვალში საქართველომ უარი განაცხადა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებულიყო პროქსისახელმწიფოდ, ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა ამ ომისთვის. ამას უკვე ყველა ღიად ამბობს და პირველებმა ეს ყველაფერი შეაფასეს დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ. პირდაპირ თავისი სახელი დაარქვეს. თქვეს, რომ ეს არის პროქსიომი დასავლეთსა და რუსეთს შორის და სატელიტ სახელმწიფოდ გამოვიყენეთ უკრაინა. უნდოდათ საქართველოს გამოყენებაც.
ზუსტად იმ დღიდან იწყება უსამართლობა, ამდენი სიცრუე, დეზინფორმაცია, რეზოლუციები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც ბრიუსელმა შეაჩერა მოლაპარაკებები საქართველოსთან 2024 წელს, იმ შემთხვევაში მათ საბაბად მოიშველიეს ორი კანონი, ეს არის „გამჭვირვალობის კანონი“, რომელსაც სამარცხვინოდ აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა და ევრობიუროკრატებმა დაარქვეს „რუსული კანონი“. ხოლო მეორე კანონი არის „ანტილგბტ კანონი“. მთელი ერი შეთანხმებულია, რომ ეს კანონი მისაღები იყო.
ამ ყველაფერმა, პირველ რიგში, უარმა ომში ჩართვაზე, მეორე რიგში ამ ბერკეტის გამოცლამ, როგორიც არის მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც პირდაპირ სახელმწიფო გადაწყვეტილებებში იღებდნენ მონაწილეობას, მათი დღის წესრიგისთვის უარის თქმა იწვევს ჩვენი ქვეყნის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.





