ირაკლი ჭეიშვილი ნანა ყეინიშვილის საქმეზე: ზურაბიშვილის ფაქტორი ზოგადად პრობლემაა საქართველოსთვის, იყო თავის დროზეც და არამხოლოდ ახლა. აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილის პროტეჟე იქნება ზუსტად, ვინც მსგავსი საქმიანობით იქნება დაკავებული
პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი
საქართველოს პარლამენტი
ზურაბიშვილის ფაქტორი ზოგადად პრობლემაა საქართველოსთვის, იყო თავის დროზეც და არამხოლოდ ახლა. აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილის პროტეჟე იქნება ზუსტადმ ვინც მსგავსი საქმიანობით იქნება დაკავებული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ნანა ყეინიშვილის საქმეზე.
მისი თქმით, ვერანაირი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, არ არსებობს თანამდებობა, არ არსებობს რეგალია, არ არსებობს მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, რომელსაც ექნება გადაცდომა, აუცილებლად რეაგირება იქნება მყისიერი და შესაბამისად, არც ახლა აყოვნებს პროკურატურა“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
2023 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა პარლამენტს სწორედ სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.
როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
საქმეზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც. სები აცხადებს, რომ მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს, ამასთან, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.





