კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა მიმართულებით
პოლიტიკა

კახა კალაძე
თბილისის მერია
თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში შეაფასა, რომლის თანახმადაც, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას ინარჩუნებს.
როგორც კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიღწეული შედეგი მისასალმებელია და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ.
ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ქვეყანას წამყვანი პოზიციები სხვადასხვა სფეროში აქვს.
„რა თქმა უნდა, აღნიშნული მაჩვენებელი მისასალმებელია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ტრეფიკინგთან ბრძოლაში ჩვენი შესაბამისი უწყებების, სამსახურების საშუალებით, თუმცა ზოგადად თუ შევხედავთ გამოქვეყნებულ სტატისტიკებს სხვადასხვა მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ ტრეფიკინგთან ბრძოლაში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის პროგრესის აღიარება მნიშვნელოვანია როგორც დემოკრატიის განმტკიცებისთვის, ისე საერთო განვითარებისთვის.
„თქვენ თუ შეხედავთ ობიექტურ შეფასებებს კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან, ჩატარებულ კვლევებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მოწინავე, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყანაზეც აისახება, აისახება დემოკრატიაზე, ქვეყნის განვითარებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ხდება ამ ყველაფრის აღიარება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





