თენგიზ შარმანაშვილი ნანა ყეინიშვილზე: საკადრო შეცდომა იყო ის ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ახლა საკადრო შეცდომის საკადრო შეცდომებზე საუბარი ნამეტანი გამოგვივა
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
საქართველოს პარლამენტი
ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, მაგრამ საკადრო შეცდომა იყო ის ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ახლა საკადრო შეცდომის საკადრო შეცდომებზე საუბარი ნამეტანი გამოგვივა, რა თქმა უნდა, ის ნორმალურ ადამიანს თეორიულად ვერ შეარჩევდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ნანა ყეინიშვილის საქმეზე საუბრისას, რომელიც ეროვნულ ბანკში ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, საზოგადოება უნდა დაელოდოს პროკურატურას.
„პროკურატურას ვაცადოთ. თუ ბრალს წაუყენებენ და ეს ბრალი დადასტურდება, რა თქმა უნდა, ის წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და მიიღებს შესაბამის სასჯელს“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ყოფილ პრეზიდენტსა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა.
„სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა არასდროს იყო დაფუძნებული საქართველოს კეთილდღეობაზე. თავიდან ის რაღაცას თამაშობდა, მაგრამ როგორც კი თავისმა პატრონებმა იმ ადგილზე მიიყვანეს, სხვადასხვა გზებით, პირდაპირ დაიწყო იმ თვისებების გამოვლინება, რომლებიც არანაირად არ არის დაკავშირებული საქართველოს კეთილდღეობასთან - ეს არის მისი პატრონების დავალებების შესრულება, ეს არის მისი პირადი ხუშტურების დაკმაყოფილება საკადრო საკითხებში და ასე შემდეგ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
პროკურატურა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებებს შეისწავლის.
2023 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა პარლამენტს სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.





