ევროპარლამენტმა მორიგი ანტიქართული რეზოლუცია მიიღო
პოლიტიკა

ფოტო: Getty Images
ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მორიგი ანტიქართული რეზოლუცია დაამტკიცა.
რეზოლუციას ხმა 445-მა ევროპარლამენტარმა მისცა, 37 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 97-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროდეპუტატები ოპოზიციონერების - ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიასა და გიორგი ბარამიძის, აგრეთვე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“ ითხოვენ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციონერები ციხეში „მშვიდობიანი პროტესტის“ გამო არიან.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ, დაუწესოს სანქციები და სავიზო შეზღუდვები პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და ქალაქ თბილისი მერს კახა კალაძეს.
დოკუმენტი აგრეთვე გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას რამდენიმე რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ.
ევროპარლამენტარების მტკიცებით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების გამო თბილისში დაიხურა კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები.





