„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს
პოლიტიკა

ფოტო: არქივი
„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, რომლებიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოთხოვნით პარტიის ოფისთან კარვებში შიმშილობდნენ, შიმშილობის აქცია შეწყვიტეს, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, მოშიმშილეებთან წუხელ ღამით სააკაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე მივიდა და შიმშილობის შეწყვეტის შესახებ სააკაშვილის თხოვნა გადასცა.
გიორგი მშვენიერაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს, რომ იგი თავად დაიწყებს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას.
„მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ 21 დეკემბერს გამოაცხადა.
საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.





